შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული გ.ნ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ნ.-მ ქალაქ თელავში, უნივერსიტეტის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანება მიაყენა 1995 წელს დაბადებულ ა. კ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყვარლის რაიონის სოფელ ენისლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – მაკაროვის სისტემის პისტოლეტი და 14 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ცეცხლსასროლი იარაღის არაერთგზის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, 236-ე და 237-ე მუხლებით.