„თელავის“ მწვრთნელი - ვცდილობთ, რომ ყოველ მატჩს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ #1TVSPORT
„თელავის“ მწვრთნელი - ვცდილობთ, რომ ყოველ მატჩს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ #1TVSPORT

„თელავმა“ ეროვნული ლიგის ახალ სეზონი მოულოდნელად ძალიან წარმატებულად დაიწყო – გუნდმა, რომელსაც გავარდნას უწინასწარმეტყველებდნენ, პირველი ორი მატჩი მოიგო და ბათუმის „დინამოსთან“ ერთად ჩემპიონატში გალიდერდა.

ბოლნისის „სიონთან“ 2:0 მოგებული მატჩი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭელიძემ შეაფასა:

„პირველ რიგში, ვიტყვი – ჩვენ ვთამაშობთ თელავისთვის და მინდა, ეს გამარჯვება „თელავის“ ყველა გულშემატკივარს მივულოცო. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ბიჭებს ბრძოლისთვის და თავდადებისთვის“, – ამბობს გიორგი ჭელიძე.

36 წლის სპეციალისტმა, რომელიც ეროვნულ ლიგაში პირველად მუშაობს, წარმატებების მიზეზებზე ისაუბრა: 

„რაც შეეხება თამაშს, ვიცოდით, რომ მძიმე მატჩი იქნებოდა, „სიონი“ თავისთავად, მოსაგებად გამოვიდოდა მოედანზე, ჩვენ კი ჩვენს შანსს დაველოდეთ. მართალია, შეხვედრა ცოტა მძიმედ დავიწყეთ, მაგრამ ვფიქრობ, მალევე გამოვასწორეთ და რაც მთავარია, მოვიგეთ და მნიშვნელოვანი 3 ქულა ავიღეთ – თამაშიდან თამაშამდე ვემზადებით და ვცდილობთ, რომ ყოველ მატჩს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ“.