„თელავის“ მწვრთნელი უკმაყოფილოა - ვინც ბოლომდე არ დაიხარჯება, გუნდს დატოვებს #1TVSPORT
„თელავის“ მწვრთნელი უკმაყოფილოა - ვინც ბოლომდე არ დაიხარჯება, გუნდს დატოვებს #1TVSPORT

„თელავის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭელიძე ბათუმის „დინამოსთან“ ეროვნული ლიგის ბოლო ტურის წაგებული (0:1) შეხვედრა შეაფასა.

„ჩემთვის მიუღებელია მარცხი და ვერასოდეს ვეგუები, მაგრამ ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ. რა თქმა უნდა, ამით თავს არ ვიმართლებ, ბიჭებმა მაქსიმუმი გაიღეს, არც შრომა დაუკლიათ. ჩემპიონთან თამაშში გუნდის რეალურ სახეს და ძალას ნათლად ხედავ და დასკვნებიც შესაბამისი გამოგაქვს. ასეთ მატჩებს ყოველთვის მივესალმები და ვისურვებდი, რომ უფრო მეტი იყოს“, – ამბობს გიორგი ჭელიძე.

„თელავის“ პრესსამსახურთან ინტერვიუში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზოგიერთი მოთამაშის საქმისადმი დამოკიდებულებით უკმაყოფილება არ დამალა:

„აქვე იმასაც ვიტყვი, რომ რამდენიმე ფეხბურთელით აშკარად უკმაყოფილო ვარ – ბევრს შანსი საკმარისად მივეცით და სამწუხაროდ, ვერ იყენებენ. გუნდის წინსვლისთვის კი ასე გაგრძელება არ შეიძლება, ამას აუცილებლად შევცვლით: ფეხბურთელი, რომელიც ბოლომდე არ დაიხარჯება და გუნდისთვის მაქსიმუმს არ გაიღებს, არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა იყოს ის, გუნდს დატოვებს“.

„თელავის“ მომდევნო მეტოქე წყალტუბოს „სამგურალი“ იქნება. თელავის „კავკასიონი არენაზე“ დაგეგმილი ეროვნული ლიგის მე-3 ტურის ეს მატჩი დიდთოვლობის გამო გადაიდო და ოთხშაბათს, 6 აპრილს ჩატარდება.

ჭელიძემ მოახლოებულ შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელიც მისი გუნდისთვის მიმდინარე სეზონში პირველი საშინაო დაპირისპირება იქნება:

„წყალტუბოს „სამგურალი“ ძალიან კარგი, ძლიერი გუნდია, თამაშის მოსაგებად მოდის და ჩვენც ჩვენებურად დავხვდებით – ისე მოხდა, რომ ჩემპიონატში აქამდე ყველა მატჩი სტუმრად ჩავატარეთ, ამ თამაშებში ძალიან კარგი შედეგი ვაჩვენეთ, 7 ქულა ავიღეთ. ახლა ვემზადებით პირველი საშინაო შეხვედრისთვის – საკუთარი ქომაგის წინაშე წარდგენა სულ სხვა მუხტი, ემოცია და პასუხისმგებლობაა და წყალტუბოელებთან მატჩს ჩვენც მოუთმენლად ველოდებით“, – განაცხადა „თელავის“ მთავარმა მწვრთნელმა.