„თელავის“ მთავარი მწვრთნელი - ყველაფერს ვიზამთ, რთულ ვითარებას თავი რომ დავაღწიოთ #1TVSPORT
გორში, „დილასთან“ აღებულმა მნიშვნელოვანმა და დამსახურებულმა ქულამ ეროვნული ლიგის აუტსაიდერ „თელავს“ ლიგაში ადგილის შენარჩუნების რწმენა და იმედი დაუბრუნა.
ახლა „თელავი“ ქობულეთის „შუქურასთან“ უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადება. გუნდში დარწმუნებულები არიან, არასახარბიელო მდგომარეობას თავს აუცილებლად დააღწევენ.
„გორში ფსიქოლოგიური და სატურნირო თვალსაზრისით კარგი ქულა ავიღეთ. „დილა“ კარგი გუნდია, მით უმეტეს სახლში კარგად თამაშობს და ვფიქრობ, ჩვენც კარგად ვითამაშეთ. იმედი მაქვს, ახლა ქულების დაგროვებასაც დავიწყებთ – გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, ბიჭებიც მოტივირებულები არიან და ძალიან გვინდა, დადებითი შედეგები ვაჩვენოთ – მოსაგებად ცდას და მონდომებას არ დავაკლებთ“, – ამბობს „თელავის“ მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე.
მან გუნდის გულშემატკივრებსაც მიმართა: „ქომაგებსაც მადლობას ვეტყვი გვერდში დგომისთვის და მოთმინებისთვის, პირობას გაძლევთ, ყველაფერს ვიზამთ, რთულ ვითარებას თავი რომ დავაღწიოთ და მერწმუნეთ, კარგი გუნდიც გვეყოლება“.
ეროვნული ლიგის მე-18 ტურში, 18 ივნისს, „თელავი“ ქობულეთის „შუქურას“ საკუთარ მოედანზე ვერ უმასპინძლებს – მატჩი რუსთავში, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრში 18:30 დაიწყება.