„თელავის“ მთავარი მწვრთნელი - ეროვნულ ლიგაში ღირსეულად მოვხვდით
„თელავის“ მთავარი მწვრთნელი - ეროვნულ ლიგაში ღირსეულად მოვხვდით
„თელავმა“ პლეი ოფის ორი მატჩის ჯამში „რუსთავი“ დაამარცხა – რეზო გოცირიძის გაწვრთნილებმა მეტოქეს ორივე შეხვედრაში აჯობეს – შინ 1:0, გასვლაზე 2:1 და ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვეს.
 
„თელავის“ მთავარი მწვრთნელი რეზო გოცირიძე თვლის, რომ მეტოქეს დამსახურებულად აჯობეს.
„მიმაჩნია, რომ „თელავი“ ამ ორმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვებას უფრო იმსახურებდა და ეროვნულ ლიგაში ღირსეულად მოხვდა. თელავში გამართულ პირველ მატჩში დიდი უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ყველა საგოლე შესაძლებლობით ვერ ვისარგებლეთ და მხოლოდ 1:0 მოვიგეთ. განმეორებითი შეხვედრა ჩვენთვის ცუდად დაიწყო და უკვე მეორე წუთზე ვაგებდით. თუმცა გუნდმა ხასიათი გამაოვლინა და მაინც მოვიგეთ. „თელავმა“ წარმატებას ერთსულოვნების ხარჯზე მიაღწია. ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს და დიდ წარმატებას მივაღწიეთ“ – ამბობს რეზო გოცირიძე.
ეროვნულ ლიგაში თელავის გუნდმა, „კახეთმა“, ბოლოს 2006/07 წლების სეზონში ითამაშა. „თელავი“ სხვა გუნდია, რომელიც 2016 წელს დაფუძნდა და სამ წელიწადში მთავარ ქართულ ლიგაში გამოსვლის უფლება მოიპოვა.