„თელავის“ კაპიტანი უნგრეთში ითამაშებს - „მეზოკოვეშდში“ ლაკვეხელიანს ბერიაშვილი შეუერთდება #1TVSPORT
ილია ბერიაშვილი უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის „მეზოკოვეშდში“ ჩაირიცხა – „თელავის“ ყოფილი კაპიტნის ტრანსფერის შესახებ საქართველოს პირველ არხთან საფეხბურთო მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ განაცხადა.
„ილია ბერიაშვილმა „მეზოკოვეშდთან“ 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. უნგრელებს მისი შეძენა 2 წლის წინაც სურდათ, მაგრამ მაშინ მან რუსეთში წასვლა ამჯობინა. არადა, ტრანსფერი გადაწყვეტილი იყო.
ილია უკრაინა-რუსეთის ომის დროს დაბრუნდა „თელავში“. „მეზოკოვეშდისთვის“ ის ნაცნობი მოთამაშეა. ჯობდა, თავიდანვე ევროპაში წასულიყო, მას ეს ტრამპლინად გამოადგებოდა“, – განაცხადა ლაშა ოდილაძემ საქართველოს პირველ არხთან.
24 წლის ფეხბურთელი 2020 წელს „თელავიდან“ ვოლგოგრადის „როტორში“ გადავიდა, მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წლის ივლისში „თელავში“ დაბრუნდა.
ილია ბერიაშვილი გია ცეცაძის ფორმაციის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, სადაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 7 მატჩი ჩაატარა, 2019 წლის 22 მარტს კი მისი დებიუტი საქართველოს ნაკრებშიც შედგა.
შეგახსენებთ, რომ „მეზოკოვეშდში“ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი – ლუკა ლაკვეხელიანი თამაშობს.