„თელავის“ კაპიტანი - ცუდი თამაშის შემდეგ გულშემატკივართა გულისწყრომა ლოგიკურია #1TVSPORT
„თელავის“ კაპიტანმა მირიან ჯიქიამ ეროვნული ლიგის ბოლო ტურში „საბურთალოსთან“ მტკივნეული მარცხის (0:3) შემდეგ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა.
„ჩვენი გუნდი ერთი დიდი ოჯახია და ამ ოჯახის წევრობა დიდი პატივია. წლებია ამ შემართებით ვხვდებით თითოეულ ახალ ფეხბურთელს, მწვრთნელსა და შტაბის წევრს ჩვენთან. ამ ოჯახის უცვლელ წევრებად მივიჩნევთ, რა თქმა უნდა, ჩვენს გულშემატკივრებსაც.
მათი თითოეული კომენტარი სოციალურ ქსელში, წერილები, თითოეული შეძახილი და სიმღერა ტრიბუნიდან, დახვედრა გასახდელთან ერთი სიამოვნებაა. ხშირად მოედანზე მათ იმას ვერ ვახვედრებთ, რასაც იმსახურებენ, თუმცა ამის მიუხედავად, ისინი ტაშს მაინც გვიკრავენ და ამისთვის მადლიერება მათ.
ცუდად ჩატარებულ თამაშს სათანადო ანალიზი და დასკვნები სჭირდება ჩვენი მხრიდან. ასეთი თამაშის მერე გამოხატული გულისწყრომაც სავსებით ლოგიკური და მისაღებია. ბევრჯერ გვქონია წარუმატებლობა, ბევრჯერ დაგვიწყია ყველაფერი თავიდან, მაგრამ ერთად დგომით და შემართებით ეს გადაგვილახავს ზუსტად იმიტომ, რომ კარგად ვაცნობიერებთ, რომელი ქალაქის ღირსებას ვიცავთ და ვის გასახარებლად გავდივართ მოედანზე“, – წერს მირიან ჯიქია.
„თელავმა“ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში რვა შეხვედრაში მხოლოდ ხუთი ქულა დააგროვა და მერვე ადგილზეა.