„თელავის“ ახალი მწვრთნელი - გვინდა, გუნდი განვითარების ახალ სიმაღლეზე ავიდეს, ეს პროექტი ხანგრძლივი და საინტერესოა #1TVSPORT
სომხურმა ვებგვერდმა, Football365.am-მა „თელავის“ მთავარ მწვრთნელს, ვარდან მინასიანს ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა. სომეხმა სპეციალისტმა საქართველოში მუშაობის გადაწყვეტილებაზე, სამომავლო გეგმებსა და მიზნებზეც საინტერესოდ ისაუბრა.
„ერთი წელია არ მიმუშავია და რატომ ავირჩიე „თელავი?“ მქონდა წინადადებები, მაგრამ ისინი არ შეესაბამებოდა ჩემს საფეხბურთო ფილოსოფიას, როგორ უნდა განვითარდეს კლუბი და რა მიმართულებით უნდა იმოძრაოს. „თელავში“ ძალიან მნიშვნელოვანი იყო კლუბის ახალი მფლობელის ფაქტორი. პირადად არ ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ ტიგრან აკოფიანთან ერთი შეხვედრა საკმარისი აღმოჩნდა იმის გასაგებად, თუ როგორ ხედავს ის გუნდის მშენებლობასა და განვითარებას, მის ამბიციებს და საფეხბურთო პრიორიტეტებს. მინდა, გითხრათ, რომ პროექტი არის ძალიან საინტერესო, გრძელვადიანი და ფუნდამენტური.
„თელავი“ შედარებით ახალი კლუბია, ბიუჯეტითაც და შედეგითაც მოკრძალებული. გასულ სეზონში ჩემპიონატში მეშვიდე ადგილი დაიკავა. შემდეგ გუნდი არაერთმა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა. ახალი სეზონის წინ სათანადოდ ვერ მოემზადა, არ გაუვლია სრულფასოვანი საწვრთნელი შეკრება, დაკომპლექტების მხრივაც დისბალანსია.
ახალი ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი გუნდს მეხუთე ტურის შემდეგ შევუერთდით. დიდი სამუშაოა ჩასატარებელი ჩვენი სათამაშო ფილოსოფიის დანერგვაზე, თამაშის პრინციპებზე და გუნდის ჩამოყალიბებაზე.
სწრაფად ადაპტაციაში გვეხმარებიან მეკარეების მწვრთნელი თამაზ ოდიკაძე, ჩემი თანაშემწე-ანალიტიკოსი ანდრო გიორგობიანი და კლუბის დირექტორი სოსო გრიშიკაშვილი. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ წავალთ წინ, ყველა შემდგომი მოქმედება შეთანხმებულია ახალ ხელმძღვანელობასთან. გვინდა, რომ დროთა განმავლობაში „თელავი“ განვითარების ახალ სიმაღლეზე ავიდეს, იყოს უფრო მეტად ცნობადი, ჩამოუყალიბდეს საკლუბო ტრადიციები.
მისვლისთანავე ჩემპიონატის ლიდერებთან მოგივწია თამაშმა. „ტორპედოსთან“ ჩემი გუნდი დიდი მონდომებით მოქმედებდა, თამაშის ხარისხი არ იყო სასურველი, თუმცა შეგვეძლო ფრედ გვეთამაშა – გოლი მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე გავუშვით.
ბათუმის „დინამოსთან“ თამაშის ხარისხი კარგი იყო, რიგ ეპიზოდებში მეტოქეზე უკეთესადაც გამოვიყურებოდით, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელი გააძევეს, ამან სრულად შეცვალა მატჩის მიმდინარეობა და შედეგიც არასასურველი მივიღეთ. საბოლოო შთაბეჭდილებაზე საუბარი ადრეა, მაგრამ ჩვენ უკვე გარკვეული შთაბეჭდილება შეგვექმნა წამყვან კლუბებზე, ჩემპიონატის დონესა და სპეციფიკაზე, ქართველი ფეხბურთელების მენტალიტეტზე.
როგორ მიიღო ქართულმა საფეხბურთო საზოგადოებამ და გულშემატკივარმა „თელავის“ ახალი ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი? ჯერ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, გულშემატკივრები ძალიან თავდადებული და გულანთებული არიან, მატჩის განმავლობაში მოთამაშეები გრძნობენ მათ მხარდაჭერას, ქომაგები გუნდის ვარჯიშზეც კი დადიან, ეს შთამბეჭდავია.
არ ვიცოდი, რომ „თელავის“ მიმართ სომხეთში დიდი ინტერესი იყო, მაგრამ თუ ასეა, ეს ძალიან ბუნებრივია. ჩვენ გვაქვს მიზანი და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიმოქმედოთ, შედეგს დაუყოვნებლივ არ ველით, ჯერ კიდევ გვჭირდება გუნდის თამაშის დასტაბილურება, ჩამოყალიბება, ახალი ხედვებისა და საკუთარის სტილის დანერგვა, თუმცა დროთა განმავლობაში ჩვენ უნდა ვხედავდეთ გუნდისა და ცალკეული მოთამაშეების პროგრესს, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ“, – განაცხადა ვარდან მინასიანმა.