დღეს ეროვნული ლიგის მესამე ტურის სამი შეხვედრები დაიგეგმა. მაგრამ ერთი მათგანი ვერ გაიმართა – თელავის „კავკასიონი არენაზე“ უნდა გამართულიყო და გათამაშების ლიდერს, „თელავს“ წყალტუბოს „სამგურალისთვის“ უნდა ემასპინძლა.
მაგრამ „თელავის“ პრესსამსახურის ცნობით, დღეს კახეთში თოვლი მოვიდა, რომელმაც სტადიონის მოედანიც დაფარა და ამის გამო, თამაშის გადადება გადაწყდა. კლუბმა ამის შესახებ ფოტოებიც გაავრცელა.
„მატჩი „თელავსა“ და „სამგურალს“ შორის უამინდობის გამო გადაიდო. შეხვედრის ჩატარების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – იუწყება „თელავის“ ოფიციალური გვერდი.
მორიგ შეხვედრას „თელავი“ სტუმრად გამართავს და ეროვნული ლიგის მე-4 ტურის მატჩში, სამშაბათს, 15 მარტს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ საფეხბურთო კლუბ „გაგრას” დაუპირისპირდება.
რაც შეეხება წყალტუბოს „სამგურალს“, 14 მარტს გუნდი ბოლნისის „თამაზ სტეფანია – არენაზე“ „სიონს“ ესტუმრება.