„თელავი“ ორი მოთამაშით გაძლიერდა - გუნდში სერბი მწვრთნელი იმუშავებს #1TVSPORT
„თელავის“ პრესსამსახურის ცნობით, გუნდმა მეორე წრისთვის ორი მოთამაშე და ფიზმომზადების ახალი მწვრთნელი დაიმატა.
„თელავში“ 26 წლის თავდამსხმელი გურამ გოშთელიანი და 31 წლის ბრაზილიელი მცველი გუტიერეშ ტომელინი (იგივე გუტი) ითამაშებენ.
გურამ გოშთელიანი ბოლოს „საბურთალოში“ თამაშობდა. ის „თელავის“ ქომაგებისთვის ნაცნობი ფეხბურთელია – გუნდში შარშანდელი სეზონის პირველი ნახევარი ითამაშა.
გუტიერეშ ტომელინ გუტი (სიმაღლე – 189 სმ) ამპლუით მცველია. ბოლოს ისრაელის კლუბში, ნოფ ჰაგალილის „ჰაპოელში“ თამაშობდა.
ბრაზილიელმა კარიერა 2010 წელს სამშობლოში, „ფიგუერენსეში“ დაიწყო, მერე ერთი სეზონი იჯარით „დუკე დე კასიაშში“ გაატარა და 2013/14 წლების სეზონი „ჟოინვილში“ ითამაშა. ასევე გამოდიდა პოლონურ „იაგელონიასა“ და ხორვატულ „ოსიეკში“.
ფიზმომზადების მწვრთნელად სერბი მილოშ ჯუროვიჩი იმუშავებს. 39 წლის სპეციალისტს ბელგრადული კლუბების, „ჩუკარიჩკისა“ და „ცრვენა ზვეზდას“ სისტემაში აქვს ნამუშევარი.