„თელავი“ დროებით ისევ „კავკასიონი არენაზე“ ითამაშებს #1TVSPORT
„თელავი“ დროებით ისევ „კავკასიონი არენაზე“ ითამაშებს #1TVSPORT

თელავში გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე ახლად რეაბილიტირებული სათადარიგო მოედანი გაიხსნა, რომელსაც საფეხბურთო კლუბი „თელავი“ დიდი ხანია ელოდა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს დამტკიცდა გივი ჩოხელის სახელობის სტადიონის სრული რეკონსტრუქციის პროექტი. 8 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი გადახურული უნდა ყოფილიყო, ინფრასტრუქტურას თელავის მუნიციპალიტეტი მიხედავდა, ხოლო ფეხბურთის ფედერაცია ბუნებრივ საფარს დააგებდა.

პანდემიის გამო პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა. 2019 წლიდან, კლუბი სარაგბო კომპლექსზე, „კავკასიონი რაგბი არენაზე“ თამაშობს და უსტადიონოდ დარჩენილ კახეთის კლუბს რაგბის კავშირი და კომპლექსის ხელმძღვანელობა გვერდში უდგას.

„თელავისთვის“ სათადარიგო არენის მოწყობა შარშან გადაწყდა. პროექტი რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით განხორციელდა. „ჩოხელი არენა 2“-ს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მოეწყო ბუნებრივსაფარიანი მოედანი, რომელსაც სარწყავი და სადრენაჟო სისტემაც აქვს, დამონტაჟდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათების სისტემა, სტადიონის სიახლოვეს ასევე აშენდა ტექნიკური შენობა, გასახდელები და სველი წერტილები.

მაყურებელთა ტრიბუნა ჯერჯერობით 750 ადამიანზეა გათვლილი. ამის გამო, „თელავი“ ახალ არენაზე მოემზადება, სეზონის ბოლომდე დარჩენილ საშინაო შეხვედრებს კი – ფოთის „კოლხეთთან“, წყალტუბოს „სამგურალთან“ და „სამტრედიასთან“„კავკასიონი არემაზე“ გამართავს, რომელიც 2500-მდე მაყურებელს იტევს.