„თელავი“ არმენ ადამიანმა დატოვა - გუნდი კვიპროსის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ჩაიბარა #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე 56 წლის სომეხმა მთავარმა მწვრთნელმა, არმენ ადამიანმა დატოვა. მის ნაცვლად გუნდს კვიპროსელი სპეციალისტი ხარალამბოს ხრისტოდულუ გაწვრთნის – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
ხარალამბოს ხრისტოდულუ 1967 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. სამწვრთნელო საქმიანობა 2006 წელს დაიწყო – კვიპროსული „დოქსა“ ჩაიბარა და სამი წლის მანძილზე წვრთნიდა.
უეფა-ს პროლიცენზიის მფლობელმა სპეციალისტმა კარიერის ძირითადი ნაწილი კვიპროსში გაატარა. წვრთნიდა ნიქოზიის „ოლიმპიაკოსს“, ლიმასოლის აელ-ს, ფამაგუსტას „ანორთოსისს“, ნიქოზიის „ომონიასა“ და „ოლიმპიაკოსს“, „ნეა სალამინას“, „კარმიოტისას“ და „ეთნიკოსს“, 2021 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე კი სომხურ „სევანში“ მუშაობდა.
ხრისტოდულუმ 2011-2012 წლების სეზონში ლიმასოლის აელ-ი კვიპროსის ჩემპიონი გახადა. 2014 წლის 9 იანვარს კვიპროსის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა და 2015 წლის 31 ოქტომბრამდე 13 მატჩში ხელმძღვანელობდა.
ხარალამბოს ხრისტოდულუ – „ვნახე „თელავის“ ბოლო სამი თამაში, ეს არის გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ნაზავი. რაც მნიშვნელოვანია, ბოლო 15 დღე უშუალოდ ვაკვირდები და ვიცი გუნდის შესაძლებლობები. გეტყვით იმასაც, რომ ახლოს ვიცნობ კლუბის პრეზიდენტს, ჩემთვის ცნობილია მისი მიზნები – სადაც არ უნდა იყოს, ყველგან წარმატების მიღწევას ცდილობს და ამიტომაც დავთანხმდი მუშაობას“.