„თელავი“ ახალი სტადიონის აშენებამდე „კავკასიონი რაგბი არენაზე“ ითამაშებს
„თელავი“ ახალი სტადიონის აშენებამდე „კავკასიონი რაგბი არენაზე“ ითამაშებს

საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა ახალი სტადიონის მშენებლობის თაობაზე ინფორმაცია და მაკეტის სურათები გაავრცელა. კლუბმა ახალ სეზონში საშინაო არენის შესახებაც დაწერა.

„ეს გახლავთ გივი ჩოხელის სახელობის ახალი, თანამედროვე სტადიონის პროექტი, რომელიც დამტკიცებულ-შეთანხმებულია და სკ „თელავის“ ხელმძღვანელობაც აქტიურად თანამშრომლობს თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან და საკრებულოსთან, სტადიონის მშენებლობა რაც შეიძლება დროულად რომ დაიწყოს. ახალი სტადიონის პროექტის პრეზენტაცია სავარაუდოდ, 23 დეკემბერს გაიმართება – 2020 წელს თელავის მთავარი პრიორიტეტი სწორედ ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა იქნება“ – წერია „თელავის“ ოფიციალურ ვებგევრდზე.

ლაპარაკია 8 000 მაყურებელზე გათვლილ გადახურულ სტადიონზე. ინფრასტრუქტურას ქალაქი თელავი მიხედავს, ხოლო ფეხბურთის ფედერაცია ბუნებრივ საფარს დააგებს.

სკ „თელავი“ ოფიციალურ ცნობაში ადასტურებს, რომ გუნდი ეროვნულ ლიგაში საშინაო მატჩებს თელავში გამართავს, სადაც არც ისე დიდი ხნის წინ სარაგბო კომპლექსი „კავკასიონი რაგბი არენა” ააშენეს, სადაც ბუნებრივი ბალახის საფარი იდეალურ მდგომარეობაშია.

„კომპლექსის მფლობელი საქართველოს რაგბის კავშირია და მათთან საბოლოო შეთანხმების და ფეხბურთის ფედერაციის დასტურის შემთხვევაში, 2020 წლის ჩემპიონატში, ეროვნული ლიგის საშინაო თამაშებს სწორედ „კავკასიონი რაგბი არენაზე“ გავმართავთ. „რუსთავთან“ პლეი ოფის საპასუხო მატჩისთვის, „თელავი“ რამდენიმე დღის მანძილზე სწორედ სარაგბო კომპლექსში ვარჯიშობდა და კლუბის სახელით, მადლობას ვუხდით რაგბის კავშირს და კომპლექსის ხელმძღვანელობას გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის“ – წერია „თელავის“ ოფიციალურ ვებგევრდზე.