საფეხბურთო კლუბ „თელავში“ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებია. გუნდში ბევრი ახალწვეულია, 14-მა მოთამაშემ კი კლუბი დატოვა, – ინფორმაციას საფეხბურთო კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
საფეხბურთო კლუბი „თელავი“ 14 ფეხბურთელს დაემშვიდობა, მათ შორის ყველა პოზიციის მოთამაშეა. გუნდი დატოვეს: ბოგდან ბეზკროვნიმ, თორნიკე დუნდუამ, ზურაბ გიგაშვილმა, ნიკოლოზ ნოზაძემ, ვიქტორ ვიერა ვიტინიომ, ნიკოლოზ ყიფიანმა, რიჩარდ კულე მბომბომ, ლაშა კოხრეიძემ, ლაშა ქოჩლაძემ, ალფონს კოჯომ, გიორგი ომარაშვილმა, გიორგი ილურიძემ, ალექს კრისტიან ჯუნიორმა და გურამ ყაველაშვილმა.
ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელები „თელავიდან“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წავიდნენ. ბევრი მათგანი ახალ გუნდში უკვე ჩაირიცხა. ვიტინიო და ნიკა ყიფიანი ბათუმის „დინამოში“ ითამაშებენ, ზურაბ გიგაშვილი კარიერას მონტენეგროში, დონია გორიცას „ოფკ მლადოსტში“ გააგრძელებს, ხოლო ნიკა ნოზაძე ბოლნისის „სიონში“ გადავიდა.
„თელავმა“ მიმდინარე სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს დაიმატა: ჯეფერსონ ჯერალდო (იგივე ჯეფინიო, წყალტუბოს „სამგურალი“), გიორგი პაპუნაშვილი („სამტრედია“), ევჰენი პროტასოვი („სუდუვა“, ლიტვა), გურამ გოშთელიანი („საბურთალო“) და გუტიერი ტომელინ გუტი (ნოფ ჰაგალილის „ჰაპოელი”, ისრაელი).
საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ მოსამზადებელ ეტაპზე ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. კახურმა გუნდმა თბილისის „ლოკომოტივი“ 4:3 დაამარცხა. გოლები თორნიკე მორჩილაძემ, ფირუზ გაბიტაშვილმა, დაჩი ცნობილაძემ და იმედა აშორტიამ გაიტანეს. მეორე შეხვედრაში კი სომხეთის 15-გზის ჩემპიონთან და სომხური პრემიერლიგის გასული სეზონის მეორეადგილოსანთან, ერევნის „პიუნიკთან“ ფრედ ითამაშა – 0:0.