თელასმა საჩემპიონო სერიაში გაათანაბრა - მატჩის ბედი თოფურიამ გადაწყვიტა
„თელასმა” „ტატიშვილის კლინიკა” დაამარცხა და ფუტსალის ლიგის საჩემპიონო სერიაში ანგარიში გაათანაბრა.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ შეხვედრაში ანგარიში მეთოთხმეტე წუთზე გიორგი სილაგავამ გახსნა და „მედიკოსები“ დააწინაურა 0:1. მეორე ტაიმში წონასწორობა ისევ მედიკოსების ავტოგოლით აღდგა. ბევრი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ, „ენერგეტიკოსები“ წინ შოთა თოფურიამ გაიყვანა და „თელასმა” 2:1 მოიგო.
„მოწინააღმდეგეს დამსახურებულ მოგებას ვულოცავ. კონტრშეტევებისთვის მზად ვიყავით, რამდენიმე ასპროცენტიანი მომენტის გამოყენება ვერ შევძელით, რის გამოც დავისაჯეთ. შემდეგ მატჩში უფრო მოტივირებულები გამოვალთ“, – განაცხადა „ტატიშვილის კლინიკის” წარმომადგენელმა, თემურ ექიზაშვილმა.
„მაყურებელიც ხედავს, რომ თანაბარი გუნდები ვართ. პირველი თამაშიც ამ ანგარიშით დასრულდა, თუმცა მაშინ ჩვენ წავაგეთ. მოსამზადებელი პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენეთ, რათა მომენტების რეალიზებაზე გვემუშავა. მოწინააღმდეგეს ასეთი კარგი თამაშისთვის მადლობა უნდა გადავუხადო. დღეს, წინა მატჩისგან განსხვავებით, ფორტუნაც ჩვენს მხარეს იყო. პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩავატარეთ. შესვენებაზე მწვრთნელის დარიგებები გავითვალისწინეთ. TMC-ის ავტოგოლმაც მნიშვნელოვანი უპირატესობა მოგვცა და ამ ყველაფრის ხარჯზე სერიაში ანგარიში გავათანაბრეთ”, – ამბობს მატჩის გმირი, „თელასის” მოთამაშე შოთა თოფურია.
TMC თბილისისა და თელასის დაპირისპირების სერია 21 ივნისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაგრძელდება.