„თელასის“ მეკარე ალექსანდრე ჯამბურია - თამაშში ყველაფერი იყო, დამატებითი დრო, პენალტები და მჯერა, მაყურებელმაც ისიამოვნა
„თელასის“ მეკარე ალექსანდრე ჯამბურია - თამაშში ყველაფერი იყო, დამატებითი დრო, პენალტები და მჯერა, მაყურებელმაც ისიამოვნა

„თელასის” მეკარე ალექსანდრე ჯამბურია ფუტსალის ლიგის ფინალური სერიის მეორე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, რომელშიც მისმა გუნდმა თსუ-ს პენალტების სერიაში მოუგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

ფუტსალის ლიგაში ჩემპიონი ვერ გამოვლინდა – „თელასმა“ მოიგო და შანსი შეინარჩუნა

საქართველოს ნაკრების მეკარემ მოქმედი ჩემპიონი რამდენჯერმე რეალური საგოლე მომენტისგან იხსნა და გუნდის წარმატებაში დიდი როლი ითამაშა.

„დაძაბული ბრძოლა იყო. შემადგენლობაში დანაკლისი გვაქვს და, ფაქტობრივად, თამაში მხოლოდ ექვს მოთამაშეს უწევს, რაც ძალიან რთულია. ორბურთიანი უპირატესობა წუთნახევარში გავფლანგეთ, მაგრამ საბედნიეროდ ბოლოს მაინც მოვიგეთ. თამაშში ყველაფერი იყო – დამატებითი დრო, პენალტები და მჯერა, მაყურებელმაც ისიამოვნა. გადამწყვეტ მატჩში დისკვალიფიცირებული მოთამაშე დაგვემატება და ვფიქრობ, ჩემპიონობის შანსი ორივე გუნდს თანაბრად ექნება“, – ამბობს ალექსანდრე ჯამბურია.

ქვეყნის საუკეთესო გუნდის ვინაობა 19 აგვისტოს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ფინალური სერიის გადამწყვეტ შეხვედრაში გაირკვევა.