თელასი პირველი წრის ლიდერია
თელასი პირველი წრის ლიდერია
ფუტსალის ლიგაში სეზონის მეხუთე ტურის მატჩები გაიმართა და პირველი წრე დასრულდა. პირველ ორ შეხვედრას ქუთაისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.
 
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი „ილიაუნის“ შეხვდა და 1:4 დამარცხდა, ხოლო მასპინძელმა „მართვემ“ ერთ-ერთ ლიდერს, თსუ-ს, წინააღმდეგობა ვერ გაუწია – 0:11.
დასკვნითი მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდა. „თბილისი“ ლიდერ „თელასს“ დაუპირისპირდა. საკადრო პრობლემების მიუხედავად, „თელასმა“ მეტოქე საბოლოოდ დამაჯერებლად დაამარცხა – 5:2. გამარჯვებულიდან სამი გოლი ვახტანგ ჯვარაშვილის ანგარიშზეა.
„თელასის“ მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა პირველი წრე შეაფასა.
„ეს ეტაპი ცოტა რთულად, მაგრამ მაინც კარგად დავასრულეთ. მაქსიმალური რაოდენობის ქულები მოვიპოვეთ, რაც სასიხარულოა. მეორე წრე ჩვენთვის რთული იქნება, რადგან ბევრი წამყვანი მოთამაშე წავიდა და ეს დანაკლისი უნდა შევივსოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემპიონატის წარმატებით დასრულება გაგვიჭირდება“ – ამბობს ავთანილ ასათიანი, რომელიც ამავე დროს, საქართველოს ნაკრებსაც ავარჯიშებს.
მან მოახლოებულ სანაკრებო შეკრებაზეც ილაპარაკა: „მალე სანაკრებო პაუზა გვექნება და იქ უკვე ყველა თამაშისთვის ასი პროცენტით უნდა მოვემზადოთ, რადგან ძალიან რთულ ჯგუფში ვართ, შემდეგ ეტაპზე კი მხოლოდ ერთი ნაკრები გადის“.
ფუტსალის ლიგის მეექვსე ტური 18 იანვარს ქუთაისის სპორტის სასახლეში დაიწყება.