თელასი ფინალს მიუახლოვდა
თელასი ფინალს მიუახლოვდა

„თელასმა“ ფუტსალის ლიგის ნახევარფინალური სერიის განმეორებით შეხვედრაში გასვლაზე ქუთაისის „მართვე“ დაამარცხა და ფინალში გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა.

ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართული ნახევარფინალური სერიის განმეორებითი შეხვედრა დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა, სტუმრებმა 5:3 მოიგეს და პლეი-ოფში 2:0 დაწინაურდა.

ანგარიში მეცხრე წუთზე მასპინძლების კაპიტანმა თამაზ გოგსაძემ გახსნა, მეცამეტე წუთზე წონასწორობა ნუკრი ჭუმბურიძემ აღადგინა, 17-ე და 20-ე წუთზე ოთარ ბერეჩიკიძემ და თეიმურაზ ტყეშელაშვილმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდეს (3:1). მეორე ნახევარში სურათი რადიკალურად შეიცვალა – „ენერგეტიკოსებმა“ ჯერ ანგარიშში სხვაობა შეამცირეს, ხოლო შემდეგ ზურაბ ლუკავას, ამირან ცხომარიას(2) და გიორგი სოზაშვილის გოლებით გაათანაბრეს და დაწინაურებაც მოახერხეს 3:5.

შოთა თოფურია, თელასი – „მეტოქე გუნდის ძალიან კარგი თამაში აღსანიშნავია. ბიჭებმა ძალიან მოუმატეს. რაც შეეხება პირველ ტაიმს, თავი ვერ გამოვავლინეთ და მეტოქემ გვაჯობა. შესვენებაზე მწვრთნელის დავალებები გავითვალისწინეთ და აქცენტი 5/4-ზე შეტევაზე გავაკეთეთ, რამაც გაამართლა და ჩემი აზრით ამ ყველაფრის ხარჯზეც მოვიგეთ. მესამე თამაშს რაც შეეხება, ვეცდებით რომ უკეთესად მოვემზადოთ, სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ და შემდეგ ფინალზე ვიფიქროთ“.

ოთარ ბერეჩიკიძე, მართვე – „პირველი ტაიმი ჩვენი გუნდის უპირატესობით მიმდინარეობდა და ეს შედეგშიც აისახა, 3:1 ვიგებდით, მეორე ნახევარში ვირწმუნეთ, რომ ისევ ისე ვითამაშებდით, როგორც პირველ ტაიმში, თუმცა გამოცდილებამ მაინც თავისი გააკეთა. ჩვენი ძლიერი მხარე 5/4 შეტევა არ არის, შესაბამისად ამ ტაქტიკამ დაგვამარცხა“.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური სერია სამ მოგებამდე გრძელდება. პირველ დაპირისპირებაში “თელასმა” „მართვე“ 5:0 დაამარცხა. ½-ფინალური სერიის მესამე მატჩი 10 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. რაც შეეხება მეორე ნახევარფინალურ წყვილს, TMC თსუ-ს დაპირისპირებაში ანგარიში გათანაბრდა 1:1.