თელ-ავივის გრანდ სლემზე პირველ დღეს ხუთი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT
ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივში ხვალ,17 თებერვალს ძიუდოში გრანდ სლემი აიღებს სტარტს, სადაც საქართველოს ნაკრები 15 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. ტურნირზე მხოლოდ 34 ქვეყნის 298 ძიუდოისტი იასპარეზებს, რაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიითაა გამოწვეული.
თელ-ავივის გრანდ სლემზე პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები ხუთი სპორტსმენით გამოვა.
60 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი კუპატაძე და თემურ ნოზაძე იჭიდავენენ. თემურ ნოზაძე შეჯიბრზე განთესილია და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება.ქართველის მეტოქე პირველ შეხვედრაში, ყაზახ ბაურჟან ნარბაიევსა და ისრაელი წარმომადგენელ ლიორ რაფაელოვს შორის გამარჯვებული იქნება.
მეორე ქართველი ძიუდოისტის, ირაკლი კუპატაძის პირველი მეტოქე უზბეკი მირზოი მაჰამმადიონოვი იქნება. წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში კი, ქართველი ფალავანი უკრაინელ არტიომ ლესიუკს შეხვდება.
66 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ლაშა ნადირაძე გამოვა. იგი განთესილი არ იქნება და პირველივე შეხვედრაში მასპინძელ ძიუდოისტს, ტალ ფლიკერს შეხვდება.
52 კგ წონით კატეგორიაში მარიამ ჯანაშვილი 2022 წელს პირველ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. იგი შეჯიბრზე განუთესავია და მეტოქედ გამოცდილი კუბელი ძიუდოისტი მელისა ჰურტადო ეყოლება.
57 კგ წონით კატეორიაში საქართველოს ნაკრებისთვის მედლის მოპოვებას ეთერ ლიპარტელიანი შეეცდება. 22 წლის ძიუდოისტი განთესილია და ტურნირის მერვედფინალში ისრაელის წარმომადგენელ მაია ლეოპოლდსა და იტალიელ მირიამ ბოის შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ეთერ ლიპარტელიანმა 2021 წელს, თელ ავივის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
17 თებერვალს წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00, ხოლო ფინალური ბლოკი 19:00 საათზე გაიმართება.