თედო აბჟანდაძე - გულშემატკივრებს პორტუგალიასთან და რუსეთთან დამაჯერებელ გამარჯვებას ვპირდებით (ვიდეო)
საქართველოს ნაკრებისა და „ბრივის“ მორაგბე თედო აბჟანდაძეს TOP14-ში დებიუტი ჰქონდა. პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტი“ „ბრივის“ ქართველ ლეგიონერს საფრანგეთში დაუკავშირდა.
თედო აბჟანდაძე:
„ორი დღის წინ მქონდა დებიუტი TOP14-ში „ლიონის“ წინააღმდეგ. მართალია, მხოლოდ ათი წუთი ვითამაშე, მაგრამ ევროპის ერთ-ერთი წამყვან ჩემპიონატში 10 წუთი თამაშიც კი დიდი გამოცდილებაა. ვიმედოვნებ, შემდეგში უფრო მეტი დრო და საშუალება მომეცემა თავის გამოსაჩენად. ჩვენი გეგმები არ უკავშირდება მაღალ საფეხურებს, ჩვენი მიზანია, TOP14-ში დავრჩეთ, რაც ჩემი აზრით, ჯერჯერობით ძალიან კარგად გამოგვდის“.
თედო აბჟანდაძე ბორჯღალოსნების უახლოეს მატჩებსაც შეეხო, რომლებშიც ჩვენი ნაკრები ჯერ პორტუგალიას, შემდეგ კი რუსეთს დაუპირისპირდება.
„რაც შეეხება ევროპის ერთა თასის სტარტს, ძალიან კარგი სტარტი გვქონდა და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. რუმინეთთან დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ. მართალია, ესპანეთთან მეორე ტაიმი ჩაგვივარდა, მაგრამ ეს ყველაფერი ბელგიასთან გამოვასწორეთ. ვიმედოვნებ, რომ მომდევნო თამაშებში არ გვექნება ისეთი ჩავარდნა, როგორიც ესპანეთთან მეორე ტაიმში გვქონდა.
პორტუგალიასთან და რუსეთთან თამაშში ჩვენს გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ვპირდებით. ყველას მოვუწოდებ, რომ 14 მარტს მოვიდნენ და გვიგულშემატკივრონ“, – ამბობს თედო აბჟანდაძე.