თებერვლის შემდეგ პირველი მოგება - „თელავმა“ „შუქურა“ დაამარცხა და „სამტრედიას“ გადაასწრო #1TVSPORT
ეროვნული ლიგის გათამაშებაში მე-18 ტურის პირველი მატჩი რუსთავში გაიმართა – ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში „თელავმა“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა.
„თელავმა“ ეროვნულ ლიგაში აქამდე მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო – პირველ ტურში, 28 თებერვალს, როდესაც „სამტრედია“ 1:0 დაამარცხა. მას შემდეგ თითქმის ხუთი თვე გუნდი 3 ქულის მოპოვებას ვერ ახერხებდა და ამ ტურამდე ბოლო ადგილზე იყო.
წინა ტურში, გორში „დილასთან“ აღებულმა მნიშვნელოვანმა და დამსახურებულმა ქულამ, გუნდს იმედი დაუბრუნა და ქობულეთელებთანაც ბოლომდე იბრძოლა. გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა „თელავმა“ ანგარიში 65-ე წუთზე გახსნა. შოთა შეყილაძის დარტყმა მცველმა მოიგერია, დამატებაზე ფირუზ მარაქველიძემ ზუსტად დაარტყა.
68-ე წუთზე თელაველები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, მაგრამ მთავარმა არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა ზუსტად შენიშნა, რომ მცველს ბურთი მხარზე მოხვდა, რაც პენალტი არაა და თამაში გაგრძელდა. 90-ე წუთზე რეხვიაშვილი შეტევაში ჩაერთო, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ ბურთი „თელავის“ კარის ძელს მოხვდა და საბოლოოდ, „თელავმა“ თითქმის ხუთი თვის შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმა 1:0.
ეროვნულ ლიგაში გამართული 18 ტურის შემდეგ „თელავმა“ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 12 ქულა დააგროვა, „სამტრედია“ (10) ჩამოიტოვა და ბოლო ადგილს თავი დააღწია.