Team Grenat-ი - „მეცი“ ტექნიკურად შეძლებს „მეფე ჟორჟის“ შენარჩუნებას ისე, რომ ფულს არც დახარჯავს, ეს ნამდვილი სატრანსფერო გაკვეთილია #1TVSPORT
„აიაქსმა” მიქაუტაძის იჯარა დაადასტურა და ცნობილი გახდა, რომ ამსტერდამული გრანდი საფრანგეთის ლიგა 1-ის „მეცს” ქართველის ტრანსფერის გამოსყიდვას ათ მილიონად სთავაზობს, – ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Team Grenat-ი ავრცელებს.
მიქაუტაძე ფრანგულ კლუბში ერთი წელი თამაშობდა, გასულ ზაფხულს კი 16 მილიონ ევროდ „აიაქსში“ გადაბარგდა. თუმცა საქმე ისაა, რომ „მეცს“ ნიდერლანდელებმა ჯერ თანხა სრულად არ გადაუხადეს, დარჩენილია ათი მილიონი ევრო და თუ ფრანგები ტრანსფერის დარჩენილი თანხის დარიცხვაზე უარს იტყვიან, მიქაუტაძე კვლავ მათი მოთამაშე გახდება.
„გიორგი მიქაუტაძის გაყიდვიდან „მეცს“ ნიდერლანდური კლუბიდან 16 მილიონი ევრო უნდა მიეღო. შეთანხმების მიხედვით, დაგეგმილი იყო ამ თანხის სამ ეტაპად გადახდა. ფრანგულ კლუბს ჯერჯერობით მხოლოდ პირველი ნაწილი დაერიცხა. „აიაქსისგან“ ლოთარინგიულ კლუბს კიდევ ათი მილიონი ევრო ეკუთვნის.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ორ დარჩენილ ნაწილს „აიაქსი“ არასოდეს გადაიხდის, თუ „მეცი“ გამოიყენებს ამსტერდამელების შეთავაზებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ლიგა1-ის კლუბი ტექნიკურად შეძლებს „მეფე ჟორჟის“ შენარჩუნებას ისე, რომ საკუთარი ჯიბიდან ფულს არც დახარჯავს. ეს სხვებისთვის ნამდვილი სატრანსფერო გაკვეთილია“, – წერს Team Grenat-ი.
შეგახსენებთ, რომ „მეცში“ მიქაუტაძის დაბრუნება ორივე კლუბმა დაადასტურა, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ფრანგულ კლუბში 10 ნომრით ითამაშებს.