თეა წულუკიანი - 2012 წლამდე საპატიმროებში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლებისთვის ჩვენს ხელისუფლებას მოუწევს კომპენსაციის გადახდა
2012 წლამდე საპატიმროებში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლებისთვის ჩვენს ხელისუფლებას მოუწევს კომპენსაციის გადახდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„ევროპულმა სასამართლომ გუშინ გამოაქვეყნა საქართველოს წინააღმდეგ საქმეებზე გადაწყვეტილებები. ეს გადაწყვეტილებები ეხება 2012 წლამდე საპატიმროებში მომხდარ ფაქტებს და დაკვალიფიცირებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ, როგორც არაადამიანური მოპყრობა და ევროპული კონვენციის მუხლის დარღვევა, როგორც მატერიალურად, ასევე პროცესუალურად, რადგან სახელმწიფომ არ გამოიძია ცხელ კვალზე ის, რაც მაშინ იყო მომხდარი მოცემულ მომჩივნებთან მიმართებაში.
ეს გადაწყვეტილებები გულისხმობს იმას, რომ ახლა, ამ ხელისუფლებას მოუწევს ამის შესრულება. ჩვენ ამას შევასრულებთ და რა თქმა უნდა, მოგვიწევს გამოძიება და კომპენსაციების გადახდა მსხვერპლთათვის, რომელთაც სხვადასხვა ოდენობები განესაზღვრათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
2019 წლის 21 თებერვალს სტრასბურგის სასამართლომ ორ ახალ საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. საქმეში − „გაბლიშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ − ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წამების აკრძალვის (კონვენციის მე-3 მუხლი) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა დაადგინა, ხოლო საქმეში − „მანუკიანი საქართველოს წინააღმდეგ“ − ასევე, წამების აკრძალვის პროცედურული ნაწილისა და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლების (კონვენციის მე-13 მუხლის) დარღვევა. ევროპულმა სასამართლომ გიორგი გაბლიშვილისა და გიორგი მჭედლიძისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, სახელმწიფოს 6 000-6 000 ევროს გადახდა დააკისრა, რომიკ კასიანოვისა და ზურაბ გაჩეჩილაძის კომპენსაციად კი 3 000-3 000 ევრო განსაზღვრა.