თბილისური კლუბები საშინაო არენას იცვლიან - მიზეზი ევრო 2023-ისთვის სტადიონების რეაბილიტაციაა #1TVSPORT
„საბურთალო“, რომელიც საშინაო მატჩებს თბილისის „მიხეილ მესხის“ ცენტრალურ სტადიონზე მართავდა, ამიერიდან მეტოქეებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში უმასპინძლებს – ინფორმაციას თბილისური კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.
„საბურთალოს“ ცნობით, ამის მიზეზი „მიხეილ მესხის“ რეკონსტრუქციაა, რომელიც 2023 წელს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს.
„2023 წელს საქართველო ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მასპინძლობს. ერთ-ერთი სტადიონი, სადაც ოფიციალური მატჩები გაიმართება, მიხეილ მესხის სახელობის არენაა. აქედან გამომდინარე, დაიწყო სტადიონის რეკონსტრუქცია, რის გამოც ჩვენს კლუბს დროებით მოუხდა საშინაო არენის შეცვლა და რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ითამაშებს“, – წერია „საბურთალოს“ განცხადებაში.
თბილისის „საბურთალო“ პირველ საშინაო შეხვედრას რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გამართავს. 12 მაისს გუნდი ბათუმის „დინამოს“ 21:00 საათზე მიიღებს. გავრცელებული ცნობებით, საგურამოში გადავა „ლოკომოტივი“, რომელიც მეტოქეებს „მიხეილ მესხი არენის“ სათადარიგო მოედანზე მასპინძლობდა. ბალახის საფარის გამოცვლა დაიწყება „დინამო არენაზე“ და „დინამო თბილისსაც“ სხვა სტადიონზე მოუწევს თამაში, მაგრამ სად, ჯერ უცნობია.