ეროვნული ლიგის 24-ე ტურის შეხვედრა „დინამო თბილისმა“ „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ „დინამო არენაზე“ გამართა და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა 5:0.
„დინამო“ და „ლოკომოტივი“ ტრადიციული მეტოქეები არიან – აქამდე ჩატარებული 63 მატჩიდან 38-ჯერ წარმატება დინამოელებს დარჩათ, 14 მატჩი ყაიმით დასრულდა და 11 შეხვედრა „ლოკომოტივმა“ მოიგო.
თბილისური დერბი ამჯერად „დინამოს“ სრული უპირატესობით წარიმართა და გაი ჭიაბრიშვილის გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა. დუბლი შეასრულეს ულად-ომარ იმრანმა (17, 32) და სტანისლავ ბილენკიმ (35, 39), რომელმაც საგოლე გადაცემაც მიითვალა, ხოლო მეორე ტაიმში მეტოქის კარი მეხუთედ გიორგი გაბედავამ (83) აიღო და „დინამომ“ 5:0 მოიგო.
„დინამო თბილისმა“ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო, 24 ტურის შემდეგ 47 ქულით მეორე პოზიციაზეა და ლიდერს. ბათუმის „დინამოს“ (54) კვლავ 7-ქულიანი სხვაობით ჩამორჩება. „ლოკომოტივი“ (4) კი კვლავ ბოლო ადგილზეა და ყოველი ახალი წაგებით პირველ ლიგაში დაქვეითებას უახლოვდება.