თბილისში ნაღდი ფულის მიმოქცევის მართვის საკითხზე კონფერენცია იმართება
თბილისში ნაღდი ფულის მიმოქცევის მართვის საკითხზე კონფერენცია იმართება

ნაღდი ფულის მიმოქცევის მართვის თემებზე თბილისი კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციას კომპანია „კურენსი რისერჩი“ (Currency Reaserch) საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად ატარებს. ღონისძიებაში მონაწილეობენ ევროპისა და რეგიონის ცენტრალური და კომერციული კომპანიების წარმომადგენლები.

ღონისძიება წელიწადში ერთხელ რეგიონების მიხედვით სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. საქართველო წელს პირველად არის ღონისძიების მასპინძელი.

კონფერენცია ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ბურკიაშვილმა გახსნა. ის შეხვედრის მონაწილეებს ბოლო წლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და რეფორმებზე ესაუბრა.

„მოხარულები ვართ, რომ პირველად რეგიონის მასშტაბით საქართველოა ამ კონფერენციის მასპინძელი. ეს კონფერენცია უნიკალური შესაძლებლობაა, რომელიც მიზნად ისახავს, ყველა დაინტერესებულ მხარეს გააცნოს ნაღდი ფულის მართვის სფეროში არსებული პერსპექტივები, იდეები, თანამედროვე ტექნოლოგიები, სტრატეგიები და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. შეხვედრის მონაწილეებს გავაცანით საქართველოს ეროვნულ ბანკის მიღწევები ამ მიმართულებით და გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება“, – განაცხადა ვახტანგ ბურკიაშვილმა.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, განიხილონ და იმსჯელონ ნაღდი ფულის მართვისა და საგადასახადო სფეროში არსებულ გლობალურ ტენდენციებზე, ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი ქვეყნის გამოცდილება და ამ სფეროში გატარებული წარმატებული რეფორმები.

„ვიმედოვნებ, ამ პრესტიჟული ღონისძიების შემდეგ საქართველო კიდევ არაერთი შეხვედრის მასპინძელი იქნება“, – განაცხადა ვახტანგ ბურკიაშვილმა.