თბილისში „მილანის“ საზაფხულო კემპი დაიწყო #1TVSPORT

18:14, 08.09.2025

თბილისში, საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე ფეხბურთის ფედერაციის ცენტრში იტალიური გრანდის, „მილანის“ საზაფხულო კემპი (Milan Camp Tbilisi) დაიწყო.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბის საზაფხულო ბანაკები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ეწყობა და მონაწილეებს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს, რომლის დროსაც ისინი „მილანის“ კვალიფიციური მენეჯერებისა და ადგილობრივი მწვრთნელების მეთვალყურეობით ვარჯიშობენ.

Milan Camp Tbilisi 8 სექტემბერს დაიწყო და 14 სექტემბრამდე გაგრძელდება. სავარჯიშო პროგრამას „მილანის“ ოფიციალური მწვრთნელები იმ მეთოდოლოგიით მართავენ, რომელიც „მილანის“ აკადემიასა და გუნდებში გამოიყენება.

ბანაკში მონაწილეობენ 6-დან 15 წლამდე ბავშვები. იტალიელი მწვრთნელები დღეში ერთ ვარჯიშს ჩაატარებენ. მონაწილეებს გადაეცემათ „მილანის“ სავარჯიშო ფორმა და ჩანთა. ამ პროექტში ჩართულები არიან ქართველი საფეხბურთო მენეჯერები – გუგა კაჭახიძე და გიორგი ფოფხაძე, რომელიც საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია.

საქართველოში კემპის დაწყებას იტალიური გრანდის ოფიციალური გვერდი გამოეხმაურა:

„გასული წელს საქართველოში ლეგენდების მატჩის შემდეგ ეს ახალი ინიციატივა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს კლუბის, ქვეყნისა და მისი საფეხბურთო საზოგადოების ურთიერთობების განმტკიცების კუთხით. პროექტი ხაზს უსვამს „მილანის“ მუდმივ ერთგულებას საერთაშორისო კავშირების დამყარებისა და ადგილობრივი ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის მიმართ, „როსონერის“ ღირებულებებისა და გამოცდილების გაზიარებით“, – წერია „მილანის“ ოფიციალურ გვერდზე.

 

მსგავსი