თბილისში ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების საქმეზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
თბილისში ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების საქმეზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

პოლიციამ თბილისში ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების ფაქტი აღკვეთა, დაკავებულია ერთი პირი, ამოღებულია ნარკოტიკი „ალფა პვპ“, – აცხადებენ შსს-ში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1988 წელს დაბადებული რ.ვ. ნარკოტიკული დანაშაულისთვის დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ჩართული იყო ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, მან უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“-ის შემცველი ნარკოტიკი, შემდგომი გასაღების მიზნით, ნაძალადევის რაიონში, სხვადასხვა ადგილზე განათავსა და მათი ადგილმდებარეობის ფოტოგადაღება განახორციელა.

სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტისას, რ.ვ.-ის მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული, „ალფა პვპ“- ს შემცველი ნახევარ კილოზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.