თბილისში ელექტროსიგარეტების მაღაზია გაქურდეს, ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წარსულში არაერთგზის ნასამართლევი 1982 წელს დაბადებული ი. ს. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ს.-მ მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, თბილისში, დიღმის მასივში მდებარე შპს „ალიენს ვაპერის“ კუთვნილ ელექტროსიგარეტების მაღაზია გაქურდა, ნოუთბუქი და 12 ცალი ელექტრო სიგარეტი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ი.ს. დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.