თბილისში ძველი ქალაქური კრივის აღდგენილი ჩემპიონატი გაიმართა #1TVSPORT
„კრიობა“ ძველი ქართული სპორტის სახეობაა, რომელმაც წელს საერთაშორისო მასშტაბები შეიძინა. საშეჯიბრო ორგანიზაცია „მამბერის“ თაოსნობით ტურნირზე რვა ორთაბრძოლა გაიმართა.
შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ პროფესიონალი მებრძოლები როგორც საქართველოდან, ასევე ევროპის ქვეყნებიდან. გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადაეცათ, საღამოს მთავარი ორთაბრძოლა კი დიმიტრი ბოლქვაძესა და ფელისიენ კატენდეს შორის გაიმართა, რომელშიც ქართველმა მსაჯების ერთობლივი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. საინტერესო გამოდგა ბექა გაბისონიასა და ალან დეტონის დაპირისპირება, რომელიც ფრანგი მებრძოლის ნოკაუტით დასრულდა. ასევე ნოკაუტით დასრულდა რუმინელი ოვიდუ აქსინტეს და დავით ფაროის დაპირისპირება, რომელშიც რუმინელმა მებრძოლმა გაიმარჯვა.
„კრიობა“ ძველად თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში ფართოდ გავრცელებული და მოსახლეობისთვის ერთ-ერთი საყვარელი თავშესაქცევი იყო, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე თავად-აზნაურები. თბილისში „კრიობის“ ბრძოლების გამართვა რუსეთის იმპერიამ აკრძალა. მიზეზად „მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა“ დასახელდა, რეალური მოტივი კი ქართველებში საბრძოლო სულისკვეთებისა და ბრძოლისუნარიანობის შემცირება იყო.
საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მკვლევართა ჯგუფმა, კახაბერ ზარნაძის თაოსნობით, შეისწავლა და აღადგინა ქართული საბრძოლო ხელოვნების სხვადასხვა მივიწყებული სახეობა, მათ შორის კი ერთ-ერთი გამორჩეულია „კრიობა“.
ძველი ქალაქური კრივის აღდგენილი ჩემპიონატის, „კრიობის“ მხარდამჭერია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის ფონდი, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.
საშეჯიბრო წესების შემუშავების შემდეგ 2020 წლიდან საქართველოს სპორტის ტრადიციული სახეობების და თამაშების ასოციაციის მიერ „კრიობის“ ჩემპიონატი ყოველწლიურად იმართება.
ძველი წესების თანამედროვე სტანდარტებთან შერწყმით საინტერესო და მნიშვნელოვანი ქართული საბრძოლო ტრადიცია აღდგა. დიდწილად გათვალისწინებულია ძველი „კრიობის“ წესები, თუმცა, მაღალი ტრამვულობის გამო, ზოგიერთი წესი ამოიღეს, მაგალითად, თავური დარტყმები.
ჩემპიონატის ორგანიზატორები იმოდოვნებენ, რომ „კრიობა“ მალევე დაიბრუნებს ძველ დიდებას და პოპულარობას.