მუშთაიდის პარკში მდებარე „იმედის“ მოედანზე ამპუტანტ ფეხბურთელთა ტურნირი დაიწყო, რომელიც აფხაზეთის ომში გარდაცვლილ მეომართა ხსოვნას ეძღვნება.
ტურნირი 2016 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს საქართველოში ამპუტანტ ფეხბურთელთა ხელშეწყობას. ორგანიზატორები არიან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაცია და აფხაზეთის მთავრობა. ამპუტანტ ფეხბურთელთა ტურნირი ხვალ დასრულდება. წელს შეჯიბრება საერთაშორისო უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბოლო მომენტში აზერბაიჯანის გუნდმა ჩამოსვლა ვერ მოახერხა.
„ამ ტურნირის მთავარი მიზანია, საბრძოლო მოქმედებებსა თუ სხვა ვითარების დროს დაშავებულ ადამიანებს ფეხბურთში ჩართვის და თამაშის საშუალება მივცეთ, რათა სოციალურად აქტიურები იყვნენ. ამ კუთხით მათი დახმარება ყველას შეუძლია. მადლობა იმ ადამიანებს და ორგანიზაციებს, რომლებიც გვერდში დაგვიდგნენ. ამ თანადგომის შედეგია, ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს ტურნირი საგრძნობლად უკეთესი რომ გახდა“, – ამბობს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე.
ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ავთანდილ ჩიხლაძე კი აღნიშნავს, რომ ეს ტურნირი სამხედრო მოქმედებებში მონაწილეებმა დააფუძნეს.
„მათი აქტიურობის შედეგია, ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის საქართველოს ჩემპიონატი და თასის გათამაშება რომ ტარდება. მაგრამ ამ ტურნირს სპორტულზე მეტი დატვირთვა აქვს – ჩვენი ვალია, რომ აფხაზეთის ომში გარდაცვლილ მეომართა ხსოვნას და ზოგადად, საქართველოს ერთიანობისთვის გარდაცვლილ გმირთა ხსოვნას პატივი მივაგოთ“, – განაცხადა ავთანდილ ჩიხლაძემ.