თბილისში 7×7 ფეხბურთში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი დაიწყო #1TVSPORT
თბილისში 7×7 ფეხბურთში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი Socca Grand Prix Sevens დაიწყო. თამაშები განახლებულ „მასტერ ლიგის“ არენაზე (მზიურის პარკთან) ტარდება.
ღონისძიებას საქართველოს 7×7 ფეხბურთის ასოციაცია აორგანიზებს, ტურნირი კი 7 სექტემბრამდე გაგრძელდება. მთავარი პრიზისთვის 14 ქვეყნის 20 გუნდი იბრძოლებს.
შეხვედრები ყოველდღიურად დილის 11:00 საათიდან საღამოს 23:00 საათამდე იმართება. გუნდები 4 ჯგუფში არიან განაწილებული.
საქართველოს გარდა, მონაწილე ქვეყნები არიან: აშშ, ბელგია, ჩეხეთი, ესპანეთი, კვიპროსი, მაროკო, ნიგერია, ომანი, პორტუგალია, საბერძნეთი, თურქეთი, უკრაინა და ხორვატია.
ტურნირის ორგანიზატორების ცნობით, ასპარეზობაში 7 ქართული გუნდიც მონაწილეობს, რომელთა შემადგენლობაში ცნობილი ფეხბურთელები, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ვარსკვლავები თამაშობენ.