დღეს, გასართობ ცენტრ ისთ-ფოინთში მდებარე ბოულინგის ადაპტირებულ დარბაზში გაიმართა 2019 წლის ბოულინგის ინტეგრირებული ტურნირი საქართველოს პირველობაზე. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს სამშვიდობო მისიებსა და საომარ მოქმედებებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, ვეტერანებმა, პარასპორტსმენებმა, აფხაზეთიდან დევნილმა პირებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.
ბოულინგის ტურნირში 40-მა პირმა მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონატის აუცილებელი პირობა იყო, რომ თამაშის დროს ყველა მონაწილეს ეტლით უნდა ესარგებლა. ტურნირი გუნდური პრინციპით ჩატარდა. გამოვლინდა როგორც ჩემპიონი გუნდი, ისე საუკეთესო ინდვიდუალური მონაწილე. გამარჯვებულებს ფულადი პრიზები, დიპლომები, მედლები და ღონისძიების მხარდამჭერების მიერ დაწესებული სხვადასხვა პრიზები გადაეცათ.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, მათ შორის მუსიკოსებმა: რობი კუხიანიძემ და რომა რცხილაძემ. ბოულინგის ტურნირში მონაწილეობა მიიღო თემურ დადიანმა, რომელიც ტიტულოვანი პარასპორტსმენია. თემური ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპონია მკლავჭიდში. ასევე, პარამოთხილამურეა და გინესის 2-გზის რეკორდსმენია.
გუნდურ შეჯიბრში გაიმარჯვა ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის გუნდმა. ინდივიდუალურ შეჯიბრში პირველობა არავის დაუთმო ამავე გუნდის წევრმა, მურთაზ გაბიტაშვილმა. აღსანიშნავია, რომ ეტლით მოსარგებლეთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა სამხედრო მოსამსახურე რევაზ გორგაძემ.