თბილისში 18-წლამდე ფრენბურთელთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო #1TVSPORT
თბილისში დაიწყო 18-წლამდე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატი ფრენბურთში, რომელშიც კონტინენტის 12 უძლიერესი ნაკრები მონაწილეობს. თამაშები დიღმის ოლიმპიურ პარკში მდებარე ფრენბურთის არენასა და სპორტის სასახლეში მიმდინარეობს.
12 ქვეყნის ასაკობრივი ნაკრები ორ ჯგუფში გადანაწილდა. საქართველოს მეტოქეები A ჯგუფში საფრანგეთის, სერბეთის, ჩეხეთის, ბელგიისა და ფინეთის 18-წლამდე ვაჟთა გუნდებია. შემდეგ ეტაპზე ჯგუფიდან 4 საუკეთესო გუნდი იასპარეზებს.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები, რომელსაც სამი თვეა პოლონელი მთავარი მწვრთნელი, პიორტ გრაბანი ავარჯიშებს, ევრო 2022-ის პირველ დღეს ტურნირის ფავორიტს, საფრანგეთის ნაკრებს შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ სამ პარტიაში 0:3 (25:27, 12:25, 15:25) დამარცხდა, მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართა.
საქართველოს ნაკრები პირველ პარტიაში უპირატესობას ფლობდა, მაგრამ საბოლოოდ ფრანგებმა მცირე უპირატესობით მოიგეს 27:25, შემდეგ კი სტუმართა უკეთესმა ფიზიკურმა მომზადებამ იჩინა თავი.
10 ივლისს საქართველოს ნაკრები ფინეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა დიღმის ოლიმპიურ პარკში მდებარე ფრენბურთის არენაზე 17:30-ზე დაიწყება.