თბილისმა 17-წლამდე ფრენბურთელთა შორის აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის ჩემპიონატს უმასპინძლა #1TVSPORT
თბილისმა 17-წლამდე ფრენბურთელთა შორის აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის ჩემპიონატს უმასპინძლა #1TVSPORT

თბილისმა 17-წლამდე ფრენბურთელთა შორის აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელიც ამავდროულად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის პირველი ეტაპიც იყო.

„თბილისში ათი გუნდის წარმომადგენელს უნდა ეთამაშა, მაგრამ ბოლო მომენტში ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელი ფრენბურთელები საქართველოში ვერ ჩამოვიდოდნენ და სულ 9 გუნდი იბრძოლებდა წარმატებისთვის“, – განაცხადა სპორტულ თოქ-შოუ „ესტაფეტაში“ სტუმრობისას საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ირაკლი ჩაჩუამ და დასძინა, რომ საქართველოს 17 წლამდე ვაჟ ფრენბურთელთა ნაკრები ხუთგუნდიან ქვეჯგუფში მოხვდა.

„ჩვენმა ახალგაზრდებმა ჯგუფური ეტაპის მატჩები, უკრაინელი, ბელორუსი, ესტონელი და სომეხი თანატოლების წინააღმდეგ ჩაატარეს. მეშვიდე ადგილისთვის შეხვედრაში ლიეტუვას გუნდთან მიღწეული წარმატების შედეგად, საქართველოს 17-წლამდე ვაჟ ფრენბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის მეორე ეტაპზე გავიდა. ლიეტუვას გუნდი ანგარიშით 3:2 დავამარცხეთ და ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ჩვენი ვაჟების მიერ დაფიქსირებული პირველი მოგება. ეს წარმატება კი უკვე იმის დასტურია, რომ ჩვენ ეტაპობრივად ვუახლოვდებით იმ დონეს, რასაც ევროპული ფრენბურთი ჰქვია.

ამ შემადგენლობის ნაკრები უკვე მასპინძლის სტატუსით ასევე მიიღებს მონაწილეობას ევროპის 2022 წლის ჩემპიონატში და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, სახელმწიფოს მხარდაჭერით და ჩართულობით, რომ ამ ბიჭების მზადების ეტაპები იყოს მაქსიმალურად დატვირთული და აქ საქართველო მხოლოდ მასპინძლის სტატუსით არ იყოს წარმოდგენილი“.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ გუნდებს – ვაჟები 2021 წელს შესარჩევი ეტაპის შეხვედრებს – მონტენეგროს, სერბეთისა და აზერბაიჯანის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებენ, ხოლო ქალთა გუნდი წელს – უკრაინის, შვედეთისა და პორტუგალიის წარმომადგენლებს დაუპირისპირდება. ვაჟები პირველი ტურს ჯერ საქართველოში, ხოლო შემდეგ მონტენეგროში ითამაშებენ, გოგონები კი პირიქით, პირველ ტურის მატჩებს პორტუგალიაში, მეორე ტურის თამაშებს უკვე საკუთარ არენაზე ჩაატარებენ. იმედი გვაქვს, ამ დროისთვის მაყურებელი დაშვებული იქნება დარბაზში და ჩვენს ფრენბურთელებს ქომაგიც დაეხმარება, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოვხვდეთ“.