თბილისის ზღვაზე საშემოდგომო რეგატა გაიმართა (ფოტოამბავი)
17:51, 18.09.2018
თბილისის ზღვაზე, იახტ-კლუბის ორგანიზებით, აფროსნობის ტურნირი გაიმართა. შემოდგომის თასის ეტაპზე 8 ეკიპაჟი მონაწილეობდა და თითოეული მათგანი 5-5 სპორტსმენით იყო დაკომპლექტებული.
ეტაპის გამარჯვებული პროფესიით ფიზიკოსის, გია ქუმსიშვილის ეკიპაჟი გახდა. საშემოდგომო თასის გამარჯვებული რამდენიმე ეტაპის ჩატარების შემდეგ გამოვლინდება.
აფროსნობა ოლიმპიური სახეობაა და წლების წინ, საქართველოში დიდი ყურადღება ექცეოდა – ხშირად იმართებოდა ტურნირები თბილისის ზღვაზე და ქვეყნის ზღვისპირა ქალაქებში. მაგრამ 20 განმავლობაში შეჯიბრებები თითქმის აღარ ტარდებოდა.
ამ პერიოდში საქართველოში არსებულ იახტ-კლუბების უმრავლესობა დაიხურა. თბილისის რეგატა მხოლოდ 2016 წელს აღადგინეს. ახლა კი იახტ-კლუბის დაარსებაც გადაწყდა, რომელსაც თბილისის მერიამ ტერიტორია გადასცა.
24 სექტემბრიდან თბილისის ზღვა პატარა ასაკის აფროსანთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. ეს ის თაობაა, რომელიც უახლოეს მომავალში ოლიმპიური ლიცენზიების მოსაპოვებლად იბრძოლებს.