თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობენ. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი იხილავს.
პროცესს არ ესწრება თავად ბრალდებული ნიკა მელია.
პროკურორმა მიხეილ სადრაძემ სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობა წაიკითხა.
„არსებობს პარლამენტის გადაწყვეტილება თანხმობასთან დაკავშირებით, რომ მომხდარიყო ამ შუამდგომლობის აქამდე მოტანა. ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული იყო გირაო 30 000 ლარი. შემდგომ გაიზარდა ეს გირაო 70 000 ლარამდე და განისაზღვრა გადახდის ვადა. ბრალდებულმა საჯაროდ მოახდინა აღკვეთის ღონისძიების დარღვევა და საჯარო ღონისძიების დროს დემონსტრაციულად წინასწარ განზრახულად და შეგნებით მან მოიხსნა სამაჯური. ის იყო გაფრთხილებული ამასთან დაკავშირებით ოფიციალურად. ეს ფაქტობრივი მოცემულობა წარმოადგენდა აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების მიზეზს. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულს შესაბამისი განჩინების საფუძველზე ჰქონდა განმარტება, რომ ვალდებული იყო, გირაო გადაეხადა, რათა უზრუნველყოფილიყო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მიზნები. მან ასევე საჯაროდ დემონსტრაციულად არ უზრუნველყო თანხის გადახდა, შეგნებულად არ აპირებდა თანხის გადახდას. ეს ქმედება არის მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელებისათვის ხელის შეშლა“, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.
ამ დროისთვის, ადვოკატები მოსამართლეს საკუთარ პოზიციას აცნობენ და მელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვენ.
სასამართლო პროცესიდან პირდაპირი ეთერი შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.