მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თბილისის პროკურატურაში დამატებით გამოძახებული ლევან ყიფიანის გამოკითხვა ხუთ საათს გაგრძელდა.
ლევან ყიფიანმა თბილისის პროკურატურის დატოვების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა. სპორტის ყოფილი მინისტრის განცხადებით, ყველა კითხვას სავარაუდოდ ხვალ, პრესკონფერენციაზე გასცემს პასუხს.
„დიდი ბოდიში, თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, იცით, რომ გამოკითხვაზე ხუთი საათი ვიყავი, ძალიან დაღლილი ვარ. შევეცდები, ხვალ მოვიწვიო პრესკონფერენცია და ყველა კითხვას ამომწურავად გაეცემა პასუხი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ლევან ყიფიანმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ გახდა პროკურატურაში მისი დამატებით გამოკითხვა საჭირო, ლევან ყიფიანმა აღნიშნა, რომ კანონით პროკურორებს ამის უფლება აქვთ.
ლევან ყიფიანის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განმარტა, რომ პროკურატურაში დამატებითი კითხვები ჰქონდათ, რომლებიც უკვე განვლილ თემებს შეეხებოდა.
ამ ეტაპისთვის საგამოძიებო უწყებამ გამოკითხა ჩანაწერებში სავარაუდოდ მონაწილე პირები, მათ შორის „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების დირექტორები და თანამშრომლები, ასევე კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისის პროკურატურამ გამოკითხვის მიზნით, 2018 წლის ოთხ ოქტომბერს კიდევ ერთხელ გამოიძახა ზაზა ოქუაშვილი, თუმცა იგი საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა.
სხვადასხვა მედიასაშუალებებით სავარაუდოდ, ლევან ყიფიანსა და ზაზა ოქუაშვილს შორის საუბრის აუდიოჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში გამოძიება 2018 წლის 12 სექტემბერს 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.