თბილისის „იბერიას“ მთავარ მწვრთნელად ლევან კორღალიძე დაინიშნა #1TVSPORT
ურთიერთშეთანხმების საფუძველზე „იბერიას“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი მიქაძემ გუნდი დატოვა, ამ პოსტზე მას ლევან კორღალიძე შეცვლის – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს:
„თბილისის „იბერიას“ ლევან კორღალიძე უხელმძღვანელებს. კორღალიძე ჩვენს გუნდში მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორჯერ უკვე მუშაობდა. 2021 წელს სწორედ მისი ხელმძღვანელობის დროს მოიპოვა გუნდმა საქართველოს თასი“.
„იბერიამ“ კორღალიძის ხელმძღვანელობით პირველი ვარჯიში უკვე გამართა.
ლევან კორღალიძე ბოლოს ყაზახეთის ჩემპიონატის გუნდის, „ჟენისის“ მთავარი მწვრთნელი იყო, რომელიც ზაფხულში დატოვა.
შეგახსენებთ, რომ „იბერია“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, სადაც მალტური „მარსაქსლოკსა“ და ალბანური „პარტიზანის“ წყვილის გამარჯვებულს 25 ივლისს შინ დაუპირისპირდება, ხოლო 1 აგვისტოს – სტუმრად ეთამაშება.