თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ მნიშვნელოვანი სიახლეები დააანონსა #1TVSPORT
თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ მნიშვნელოვანი სიახლეები დააანონსა #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ კლუბის ვებგვერდზე 2022 წლის სეზონის შესახებ ისაუბრა და სამომავლო გეგმებიც გაამჟღავნა:

„გასული სეზონი ყველა შემთხვევაში დადებითად უნდა შევაფასოთ, რადგან დაძაბული იყო, მაგრამ „დინამომ“ ტემპი აკრიფა და ჩემპიონი გახდა. გუნდში ცვლილებები იყო, რომელიც აუცილებელი გახლდათ და კარგია, რომ ასე მოხდა.

„დინამოს“ ბირთვი შენარჩუნებულია, რაც კარგი მოვლენაა. შევძელით და შევინარჩუნეთ „დინამოსთვის“ მნიშვნელოვანი ყველა ფეხბურთელი. ეს იმის მანიშნებელია, რომ ევროთასებისთვის სერიოზულად ვემზადებით. საჭირო დრო გვაქვს, რომ კიდევ დავიმატოთ რამდენიმე ფეხბურთელი – იმედია, ისინი გუნდის პრობლემურ პოზიციებზე კარგად ჩაეწერებიან.

დარასელიას თასი პანდემიის გამო რამდენიმე წელი ვერ ჩატარდა. შარშანაც გვინდოდა, მაგრამ გუნდები ვერ ჩამოდიოდნენ. წელს ტურნირი გაიმართება. ეს ძალიან მახარებს, რადგან ამას ელოდებიან „დინამოს“ ახალწვეულები და არა მხოლოდ ისინი. დარასელიას თასზე გამოჩნდებიან ჩვენი ტალანტები, რომლებსაც საშუალება ექნებათ, ითამაშონ ძლიერ გუნდებთან. ჯერ მათ ვერ დავასახელებ, მაგრამ ჩამოსული გუნდებით ჩვენს ქომაგებს გავახარებთ.

ამას გარდა, გვექნება ბევრი სიახლე. სპონსორებთან მუშაობა მიმდინარეობს და „დინამოში“ ძალიან მნიშვნელოვანი სპონსორები შემოვლენ. ეს პროცესი უახლოეს პერიოდში გადამწყვეტ ფაზაში შევა. ეს ჩვენს გულშემატკივრებს გაახარებს, რადგან სერიოზული სპონსორული და პარტნიორული თანამშრომლობა იქნება. შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი ნაბიჯები ბოლო 11 წელიწადში, რაც „დინამოს“ პრეზიდენტი ვარ, პირველად გადავდგი.

არაფერს დავიშურებთ, რომ წინ წავიწიოთ ევროსარბიელზე – ამას „დინამოს“ ქომაგი ნახავს. ჭიაბრიშვილის თაოსნობით გუნდმა ხალხს აჩვენა, რომ ბრძოლისუნარიანია. ვფიქრობ, ეს გამარჯვების ჟინი იქნება საფუძველი, რომლის ხარჯზეც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავახაროთ ჩვენი ქომაგი“, – აცხადებს რომან ფიფია.