თბილისის „დინამომ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა, საიდანაც ვიგებთ, პენდემიის გადავლამდე გუნდის წევრები როგორ მოემზადებიან.
„მსოფლიოში და საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე დინამო თბილისი გაცნობებთ, რომ ჩვენს საფეხბურთო აკადემიაში წვრთნა უკვე მეორე კვირაა შეჩერებულია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რეკომენდაციით რამდენიმე დღეა სავარჯიშო პროცესი დიღმის ბაზაზეც შეჩერდა. პირველი გუნდის ფეხბურთელები (ასევე აკადემიის ახალგაზრდა ფეხბურთელები) ინდივიდუალური პროგრამით, მწვრთნელთა და სამედიცინო შტაბის მეთვალყურეობით ვარჯიშობენ. ჩვენი გუნდი ათვითცნობიერებს საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და ყველა წევრი მაქსიმალურად ერიდება თავშეყრის ადგილებში ყოფნას, რათა ბაზაზე საწვრთნელი პროცესის განახლების შემდეგ ყველანაირი საშიშროება თავიდან იქნას აცილებული. ამავე მიზეზით და მრავალი სტუმრის ერთად თავშეყრის თავიდან არიდების გამო, დროებით მუშაობას ჩვენი საკლუბო მაღაზიაც წყვეტს“ – ვკითხულობთ საქართველოს ჩემპიონი კლუბის მიმართვაში.
„დინამო” მიმართვის ბოლოში გულშემატკივრებს მოუწოდებს, რომ უსაფრთხოების ნორმები დაიცვან: „გუნდის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას და მოგიწოდებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებას”.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სფფ- ს ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატი, მათ შორის – ეროვნული ლიგა, ეროვნული ლიგა 2, ლიგა 3, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატები 1 აპრილამდე შეაჩერა.