„დინამოს თბილისის“ ახალი კაპიტანი ჯიმი ტაბიძე იქნება – ეს გუნდიდან გიორგი პაპავას წასვლის შედეგ გადაწყდა.
„დინამო თბილისი“ პაპავამ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა და კარიერას უზბეკეთში, „ალმალიქში“ გააგრძელებს. ყოფილი კაპიტანის წასვლის შემდეგ გუნდი უკაპიტნოდ დარჩა და ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა არჩევანი გამოცდილ მცველზე შეაჩერა.
საქართველოს თასის 1/16 ფინალში „სამტრედიასთან“ მოგებულ (2:1) მატჩში „დინამო“ მოედანზე კაპიტნის სამკლაურით ჯიმი ტაბიძემ გაიყვანა, რომელმაც თბილისურ კლუბში სადებიუტო შეხვედრაში ჩაატარა. ის ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ მოედანზე პირველად გავიდა და 57 წუთი ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ ჯიმი ტაბიძე „საბურთალოს“ აღზრდილია და ამ გუნდშიც კაპიტანი გახლდათ, ისევე როგორც საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში. „საბურთალოს“ შემდეგ, 2015 წლის ზაფხულში ბელგიის ჩემპიონ „გენტში“ ჩაირიცხა, 2017 წელს „ურალში“ გადავიდა, ხოლო იმავე წლის ივლისიდან თამაშობდა რუსულ „უფაში“ და კლუბი ზამთარში დატოვა. ახლახან ის ბელგიურ „კორტრეიკში“ გადავიდა, მაგრამ გუნდი მალევე დატოვა და „დინამოს“ შეუერთდა.
ჯიმი ტაბიძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2017 წლიდან იწვევენ, მაგრამ შარშან ტრავმა მიიღო და წელიწადი გაუცდა.