კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-19 ტურში თბილისის „დინამომ“ საჩხერის „ჩიხურა“ დაამარცხა და სატურნირო ცხრილის სამეულში დაბრუნდა.
ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გამართული შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. მე-80 წუთზე ახალგაზრდა ნახევარმცველმა, ნიკა ნინუამ მშვენიერი საჯარიმო დარტყმით საჩხერელთა კარი აიღო და „დინამო“ დააწინაურა.
შეხვედრის ბოლოს მთავარმა არბიტრმა ორი წითელი ბარათი ააფრიალა: 87-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათისთვის გოლის ავტორ ნინუასთან უხეშობისთვის გააძევა საჩხერელთა კაპიტანი შოთა კაშია, რომელიც „ჩიხურას“ ფორმით მე-200 შეხვედრას ატარებდა, ორ წუთში კი მის გზას მატჩის გმირი ნინუაც გააყოლა, რომელმაც მეტოქესთან კამათის შემდეგ ემოციებს აჰყვა.
საბოლოოდ, „დინამომ“ გამარჯვება ხელიდან არ გაუშვა და ანგარიშით 1:0 მოიგო. ამით თბილისელებმა 35 ქულა დააგროვეს, ქუთაისის „ტორპედოს“ (33 ქულა) გადაასწრეს და სამეულში ადგილი დაიბრუნეს. „ჩიხურა“ (23 ქულა) კი ტურის შემდეგ მეექვსე ადგილზე დაქვეითდა და „ლოკომოტივს“ (26 ქულა) ჩამორჩა.