თბილისის „დინამომ“ მოიგო და „დილას“ დაეწია (ვიდეო, ფოტო)

ეროვნული ლიგის მე-8 ტურის მორიგ შეხვედრას „დინამო-არენამ“ უმასპინძლა – თბილისის „დინამომ“ საჩხერეს „ჩიხურა“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით მოიგო.

თამაშზე ხალხი შეუშვეს, რომლებიც ტრიბუნაზე დისტანციის დაცვით ისხდნენ. თბილისელები თავიდანვე დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ საჩხერელთა კარის აღებას ვერ ახერხებდნენ და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ნახევარში „დინამოს“ უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა, მაგრამ თბილისელები თავის შანსებს ვერ იყენებდნენ. სტუმრებმა კი მწვავე კონტრშეტევები განახორციელეს, თუმცა, თბილისელთა მეკარე როინ კვასხვაძემ საიმედოდ ითამაშა.

თბილისელებმა შედეგს მაინც მიაღწიეს – 68-ე წუთზე, ირაკლი ბუღრიძის დარტყმული ბურთი მეკარემ ცუდად მოიგერია, დამატებაზე კი გიორგი კუხიანიძემ „დინამო“ დააწინაურა – 1:0.

საბოლოოდ, თბილისის „დინამომ“ 1:0 მოიგო, 8 ტურის შემდეგ 15 ქულა დააგროვა და გორის „დილას“ დაეწია, ხოლო საჩხერეს „ჩიხურა“ 5 ქულით ისევ მე-8 ადგილზეა.