თბილისის „დინამომ“ 73-ე ქართული კლასიკო მოიგო
თბილისის „დინამომ“ 73-ე ქართული კლასიკო მოიგო

თბილისის „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედო“ დაამარცხა და „კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგის ლიდერთა სამეულთან ჩამორჩენა შეამცირა.

ეს 73-ე ქართული კლასიკო გახლდათ და „დინამო არენაზე“ გაიმართა. „კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგის მე-15 ტურის შეხვედრა „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. ანგარიში 31-ე წუთზე თბილისელებმა გახსნეს: თავი „დინამოს“ უკრაინელმა ლეგიონერმა დმიტრო ივანისენიამ გამოიჩინა 1:0. ამის შემდეგ უპირატესობა ქუთაისელებმა მოიპოვეს და 62-ე წუთზე გათამაშებული კომბინაცია გრიგოლ დოლიძემ ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა 1:1. მაგრამ „დინამომ“ მაინც მოახერხა გადამწყვეტი გოლის გატანა და მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვება. 78-ე წუთზე ლევან შენგელიამ „ტორპედოს“ კარი ეფექტური დარტყმით აიღო და „დინამომ“ ზედიზედ სამი წაგების შემდეგ 2:1 გაიმარჯვა.

„დინამომ“ ამ გამარჯვებით 23 ქულა დააგროვა და მესამეადგილოსან „ტორპედოსთან“ ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა.