საქართველოს 35-ე ეროვნული ჩემპიონატი 25 თებერვალს იწყება. ქვეყნის მოქმედი და 19-გზის ჩემპიონი „დინამო თბილისი“ პირველი ტურის შეხვედრას გორში „დილასთან“ გამართავს – მატჩი 19:00-ზე დაიწყება.
მაგრამ თბილისელები საშინაო მატჩებს ამის შემდეგაც გორში ჩაატარებენ, ამასთან დაკავშირებით „დინამოს“ პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა.
„2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველო, რუმინეთთან ერთად, 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი სტადიონი ჩვენი გუნდის საშინაო მოედანი „დინამო არენა“ გახლავთ, რომელსაც რეაბილიტაცია უტარდება – „დინამო თბილისი“ კი ზაფხულამდე საშინაო მატჩებს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართავს.
გულშემატკივრებს „დინამოს“ საშინაო მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ რეჟიმში – TKT.ge-ზე შეეძლებათ, მატჩის დღეს კი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე სალაროც იმუშვებს. სკოლის მოსწავლეებისთვის 2022 წლის სეზონიდან „დინამო თბილისის“ საშინაო მატჩებზე დასწრება უფასო გახლავთ – გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მათთვის სპეციალური ტრიბუნა გამოიყოფა.
სკოლის მოსწავლეებმა „დინამოს“ საშინაო მატჩებზე უფასო ბილეთის მისაღებად მატჩის დღეს სალაროში უნდა წარმოადგინონ School Card-ი და პიროვნების დამადასტურებელი რომელიმე დოკუმენტი – პირადობა, პასპორტი ან დაბადების მოწმობა“, – წერია „დინამოს“ განცხადებაში.
„დინამომ“ ჩემპიონატის განაცხადი გამოაქვეყნა – 2023 წელს გუნდის შემადგენლობა ასეთი იქნება:
მეკარეები: დავით კერესელიძე, ლუკა კუტალაძე, მიხეილ მაქაცარია
მცველები: ნიკოლოზ მალი, ალექსანდრე კალანდაძე, საბა ხვადაგიანი, ჯიმი ტაბიძე, დავით კობოური, გიორგი მაისურაძე, ლუკა ლაცაბიძე, ფრენსის ნზაბა
ნახევარმცველები: ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი მოისწრაფიშვილი, იმრანი ულად ომარი, ლევან ოსიყმაშვილი, ბარნს ოსეი, გიორგი ხარაიშვილი, თორნიკე კირკიტაძე, ნიკოლოზ უგრეხელიძე, გაბრიელ სიგუა
თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე, უსმანე კამარა, ჯადული იობაშვილი, ვაგნერ გონსალვეში, ლუკა პარკაძე, ზორან მარუშიჩი, ლაშა ოდიშარია