საფეხბურთო კლუბი “დინამო” პოსტსაბჭოეთში დღემდე რეკორდსმენია – ინფორმაციას რუსული სპორტული ”სპორტს.რუ” აქვეყნებს.
ინტერნეტ-გამოცემამ ბოლო 50 წელიწადში პოსტსაბჭოეთის ქვეყნების წამყვანი გუნდების საფეხბურთო მატჩებზე დასწრების მაჩვენებლები მოიპოვა და აღმოჩნდა, რომ დღემდე საუკეთესო მაჩვენებელი თბილისის ”დინამოს” გააჩნია.
1977 წელს, თბილისის ”დინამოს” თამაშებზე საშუალოდ 68 200 მაყურებელი დადიოდა, რაც ბოლო 50 წელიწადში საუკეთესო მაჩვენებელია. მაგრამ ”დინამოს” მიღწევა ამით არ მთავრდება: თბილისურ კლუბს 20 საუკეთესო მაჩვენებლიდან 7 ეკუთვნის – ზემოთდასახელებულის გარდა, ”დინამო” მაყურებლების დასწრებთ ლიდერობდა 1978, 1979, 1980, 1981, 1984 და 1985 წლებში.
საინტერესოა, რომ პოსტსაბჭოეთში საუკეთესო მაჩვენებლები ქართულ და უკრაინულ კლუბებს აქვთ: სეზონში ყველაზე მეტი მაყურებელი 10-ჯერ ჰყავდათ თბილისის „დინამოს“, 9-ჯერ – კიევის ”დინამოს”. მაგრამ უკრაინელთა რეკორდი ჩვენსას საგრძნობლად ჩამორჩება – 1968 წელს მათ შეხვედრებზე საშუალოდ 61 503 ადამიანი დადიოდა, რაც თბილისური კლუბის საუკეთესო მაჩვენებელზე 6687-ით ნაკლებია. მეორე რუსული გამოცემის, ”სოვეტსკი სპორტის” მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 1982 წლის სტატისტიკით, ”დინამო” მსოფლიოში მე-4 ადგილზე იყო და მაყურებლის დასწრებით მხოლოდ “ბარსელონას”, “ნაპოლსა” და “რეალს” ჩამორჩებოდა.
თბილისის “დინამოს” შეხვედრებს მაშინ საშუალოდ 63 858 მაყურებელი დადიოდა. პირველზე იყო ”ბარსელონა” (100 834), მეორეზე – ”ნაპოლი” (77 457), ხოლო მესამეზე მადრიდის ”რეალი” (70 101). მაგალითისთვის ვიტყვით, რომ ამ დროს ”მანჩესტერის” მაჩვენებელი გახლდათ 45 074, ”ლივერპულის” – 35 854, ხოლო მიუნხენის ”ბაიერნის” – 32 470.