თბილისის „დინამო“ კაპიტანმა დატოვა
თბილისის „დინამო“ კაპიტანმა დატოვა

გუჯა რუხაია თბილისის „დინამოს“ დაემშვიდობა – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგევრდი ავრცელებს.

„გუჯა რუხაიას ჩვენს კლუბთან არსებული კონტრაქტი დაუსრულდა – „დინამო“ გუნდის კაპიტანს გაწეული შრომისათვის და თავდადებისთვის მადლობას უხდის და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ კარიერაში“ – წერია „დინამოს“ განცხადებაში.

რუხაია თბილისის „დინამოში” 2018 წელს ჩაირიცხა. ეროვნულ ლიგაში 54 შეხვედრა ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. 2019 წელს გუნდში ლამის შეუცვლელი ფიგურა იყო – 36-დან მხოლოდ ერთი ტური გამოტოვა. წელს კი 19 შეხვედრაზე მეტი არ ჩაუტარებია და გუნდის დატოვება მოუხდა.

საინტერესოა, რომ ბათუმში დაბადებულმა რუხაიამ კარიერის დიდი ნაწილი რუსეთში გაატარა – პროფესიული კარიერა ნოვორისიისკის „ჩერნომორეცში” დაიწყო, უთამაშია სტავროპოლის „დინამოში”, სოჭის „ჟემჩუჟინაში”, ნალჩიკის „სპარტაკში”, ხაბაროვსკის „სკა – ენერგიაში”, ნაბერეძნიე ჩელნის „კამაზში”, ნოვოსიბირსკის „სიბირში”, თბილისის „დინამო” კი მის 15-წლიან კარიერაში ერთად-ერთი ქართული გუნდია.