გავრცელებულ ცნობას, რომ შესაძლოა, გიორგი ჩაკვეტაძე „დინამო თბილისში“ დაბრუნდეს, ჯერ ოფიციალურად არც ერთი მხარე არ ადასტურებს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ასეთ შესაძლებლობას არ უარყოფენ.
ტრავმების შემდეგ გიორგი ბელგიურმა „გენტმა“ გერმანიის მეორე ბუნდელსლიგის „ჰამბურგში“ გაანათხოვრა, მაგრამ ქართველს სათამაშო დრო არც იქ ჰქონდა. ჩაკვეტაძეს ბელგიაში დაბრუნებაც არ სურს.
გიბრალტართან მატჩში 22 წლის მოთამაშემ გვიჩვენა, რომ ფიზიკურად თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ფორმაში შესასვლელად და თავდაჯერებულობის დასაბრუნებლად სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.
„გენტი“ ქართველს უფასოდ არ გაუშვებს და „დინამოსთვის“ დაბრკოლება შესაძლოა სწორედ ფინანსური მხარე გახდეს. მთავარია, „გენტი“ რა თანხას მოითხოვს. თბილისური კლუბი ტრანსფერებსა და იჯარაში დიდ საფასურს ვერ გადაიხდის. თუმცა, არსებული ცნობებით, ტრანსფერის ალბათობა დიდია და და ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება.
მანამდე საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ კომენტარი ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გააკეთა და არ დამალა, რომ ჩაკვეტაძეს გუნდში სიამოვნებით დაიმატებდა.