რამდენიმე დღის წინ, თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ ინტერვიუში უკმაყოფილება გამოხატა 16 წლის ფეხბურთელის, ზუკა დავითაშვილის გადაწყვეტილებით, რომელმაც გუნდთან კონტრაქტი არ გააფორმა – ის ყაზანის „რუბინში“ გადასვლას იმედოვნებს, სადაც ზაფხულში გასინჯვაზე იმყოფებოდა. ახლა კი, დროებით, თბილისის „ლოკომოტივში“ გადავიდა.
პასუხად, ზუკა დავითაშვილის მამამ, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა და „დინამოს“ აკადემიის ყოფილმა მწვრთნელმა, სულიკო დავითაშვილმა განაცხადა, რომ მის ვაჟს „რუბინი“ იწვევდა და ამის შესახებ „დინამო“ ინფორმირებული იყო, მაგრამ მოლაპარაკება ფიფიამ ჩაშალა.
ამ ყოველივეს გამო, თბილისის „დინამომ“ განცხადება გაავრცელა.
“სინამდვილეში იყო მცდელობა, რომ ფეხბურთელი რუსულ კლუბში „დინამოს“ გვერდის ავლით გადაეყვანათ, რაც ჩვენი გუნდისთვის გახდა ცნობილი. ფიფა-ს კანონმდებლობით მკაცრად ისჯება დამნაშავე კლუბიც და ფეხბურთელიც. დავითაშვილმა კლუბი დატოვა, ხოლო სულიკო დავითაშვილი ცდილობს, მადლობის ნაცვლად, კლუბის ხელმძღვანელს ბრალი აქეთ დადოს. მიუხედავად ამისა, ზუკა დავითაშვილი არის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილი და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წამყვანი მოთამაშე, „დინამოს“ ხელმძღვანელობამ ამ დარღვევის გამოძიებას მსვლელობა არ მისცა და ნიჭიერ მოთამაშეს ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით კარიერა არ დაუნგრია. „დინამოს“ ამ ბერკეტის გამოყენების უფლება დღესაც აქვს, მაგრამ ფიფა-ს ჩარევას არ აპირებს. რაც შეეხება „რუბინს“, ისინი რომან ფიფიას დაუკავშირდნენ და სატელეფონო საუბარში აღიარეს, რომ შეცდომაში შეიყვანეს. „დინამოს“ სახელზე ყაზანური კლუბიდან წერილიც მოვიდა, სადაც აცხადებენ, რომ დავითაშვილით თუ დაინტერესდებიან, მოლაპარაკებას უშუალოდ „დინამოსთან“ აწარმოებენ“, – ნათქვამია თბილისის „დინამოს“ განცხადებაში.